ჩემ შესახებ
- Home
- ჩემ შესახებ
არუნ ხათრი
არუნ ხათრი აიურვედას (ხალხური მედიცინა ინდოეთში) ექსპერტია და ქართველებს ასწავლის, როგორ არ უნდა დაბერდნენ. სოციალურ ქსელში 10-15-წუთიანი ვიდეორგოლებით ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების შესახებ რჩევებს აზიარებს, მიმდევრები ფეისბუკშიც ბევრი ჰყავს და ინსტაგრამზეც.
საქართველოში პირველად შეყვარებულის სანახავად ჩამოვიდა. ქართველი გოგონა სოციალური ქსელით გაიცნო, მოეწონა და ინდოეთშიც წაიყვანა. დელიში მდიდრული, ტრადიციული ქორწილიც გადაიხადეს, თუმცა წყვილმა საქართველოში დაფუძნება გადაწყვიტა. ახლა არუნ ხათრი და თათია კუზანაშვილი თბილისში ცხოვრობენ და ტყუპ გოგონას ზრდიან.
ა
პროფესიით ექიმი ხართ?
აიურვედის ექსპერტი ვარ, თუმცა ინდოეთში ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. არც საქართველოში ვაპირებდი. ისე გადავიღე რამდენიმე ვიდეო, ვიფიქრე, სასარგებლო რჩევებს მივცემ ხალხს-მეთქი, მაგრამ ისეთი დიდი ინტერესი გამოხატეს, გადავწყვიტე, დღეში 10-15 წუთი ამ საქმისთვის დამეთმო. რატომაც არა?! სიამოვნებით გავაზიარებ ჩემს ცოდნას ქვეყანაში, სადაც ჩემი შვილებიც ცხოვრობენ. ჩემი გოგონები ინდოეთში დაიბადნენ, მაგრამ 6 თვის იყვნენ, აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად. მეც აქ ვაპირებ დაბერებას.
თქვენი შეხედულებით, ქართველები რამდენად სწორად ვიკვებებით, ჯანსაღი ცხოვრების წესი რამდენად გვაქვს?
გემოს მოყვარული ხალხი ხართ, ჭამის წესებს დიდად არ იცავთ. თავიდან ძალიან მიკვირდა, თქვენს რესტორნებში ხალხს დღის ნებისმიერ მონაკვეთში რომ ვხედავდი. ინდოეთში მხოლოდ საუზმის, სადილისა და ვახშმისთვის განკუთვნილ საათებში ვჭამთ, აქ ჭამის დრო არ არსებობს. ჭამის დროს წყალს სვამენ, ცხელ საჭმელს ცივ წყალს აყოლებენ, არადა, ასეთი შოკებისთვის ჩვენი ორგანიზმი მზად არ არის.